„რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე ბოდიშს იხდის

   ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სპორტის მიმომხილველმა და გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ, რომელმაც რუსი ერი ღორებად მოიხსენია, ბოდიშს იხდის.
„ეს იყო ასპროცენტიანი ემოცია, იმ დღეს ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, 300 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 80 ბავშვი, და ამ კადრების ნახვის შემდეგ, ნორმალურ ადამიანს რეაქცია რომ არ ჰქონდეს, არ შეიძლება. ამ ქვეყანაში, როგორც რუსეთია, მოულოდნელად, ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ერთი ქართველი ჟურნალისტის ემოციამ. როგორც გავიგე, რუსულ მედიაში აპირებენ პეტიციის გავრცელებას ქართული პროდუქციის რუსეთში აკრძალვის მოთხოვნით. არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს განცხადება. არ მგონია, მე ვიყო რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში მთავარი პრობლემა. ერთადერთი, რასაც გულწრფელად ვნანობ, არის ის, რომ თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ ეთერში მომიწია ჩემი ემოციის გამოხატვა. მეც მყავს რუსი მეგობრები, ნათესავები, ბევრ ქართველს რუსი ეროვნების ცოლი ჰყავს და მესმის მათი აღშფოთების. ჩემი მიზანი არ ყოფილა რუსი ერის შეურაცხყოფა და გულწრფელად შეიმიძლია ამ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა ობოლაძემ სპორტის სამყაროში ახალი მოვლენების მიმოხილვის წინ. ჟურნალისტის თქმით, მისი სიტყვები ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტს პუტინს, „მის სისხლიან რეჟიმს, და რუსეთის იმ ნაწილს, ვისი უსიტყვო თუ ხმამაღალი თანხმობით ხდება ეს ყველაფერი, – საშინელება საქართველოსა და უკრაინაში,“ – განაცხადა ობოლაძემ 24 ივლისს, საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ 17 ივლისს სატელევიზიო ეთერში რუსი ხალხი შეურაცხმყოფელი ეპითეტით – ღორებად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები