რას ამბობს “ლელოს” აქტივისტი მამაკაცი, რომელიც “ხეხილის ბაღს ჩეხავდა” და რა საჩუქარი მიიღო მან ხაზარაძისგან

მამაკაცი, რომელმაც სოფელ ერგნეთში ხეხილის ბაღი გაჩეხა, “ლელოს” მხარდამჭერი და აქტივისტი ვეფხია კასრაძეა.

კასრაძემ “კვირასთან” საუბარში ბაღის გაჩეხვის მიზეზად ხილის ვერ გაყიდვა დაასახელა.

“ბევრს ვერ ვისაუბრებ, თუმცა გეტყვით, რომ ერგნეთში გავჩეხე ბაღი, იმიტომ რომ ხეხილს ვერ ვყიდდი. ახალი ბაღის გაშენებაზე ფიქრი ჯერ აზრადაც არ მომსვლია”,- აღნიშნა კასრაძემ.

რაც შეეხება კითხვას – არის თუ არა ის “ლელოს” აქტივისტი და ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან “ლელოს” ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან საჩუქრად ტრაქტორი მიიღო, აღნიშნულმა, კასრაძის გაღიზიანება გამოიწვია.

“ხაზარაძე და მისი პარტიის აქტივისტობა ჩემს პრობლემასთან რა შუაშია”,- აღნიშნა კასრაძემ.

როგორც “კვირასთან” ადგილობრივები კულუარულად ამბობენ, კასრაძე ხეხილის ბაღის ახლით ჩანაცვლებას გეგმავდა. მათივე ინფორმაციით, ვეფხია კასრაძე მეორე ბაღსაც ფლობს, საიდანაც 10-15 ტონა ვაშლის მოსავალს იღებს.

აღსანიშნავია, რომ ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო პარტია “ლელოს” ბანერთან აქვს გადაღებული და თავის პოლიტიკურ სიმპათიებს არ მალავს.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ხეხილის ბაღებს ჩეხავდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ სოფლებში, სადაც ოჯახები დარეგისტრირებულები არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თანხა გამოიყო რეგისტრირებულ აბონენტებზე, ხოლო იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ არ დასრულებულა – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრზე. მომდევნო კვირაში უკვე დაიწყება გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები