ქადაგიშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურებს განმარტავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მთავარი კრიტერიუმი კანდიდატების შეფასებისას პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა იქნება.

მისი თქმით, კანდიდატების შესახებ განხილვა როგორც კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

„როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილია ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი და ასევე ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი. ბიუროს მიერ იურიდიულ კომიტეტს დაეწერება და მოხდება კანდიდატების მოსმენა და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მოვუსმენთ. პროცედურა არის ასეთი – თუ 2/3-ით არ იქნა არჩეული თავმჯდომარე, მაშინ ის ვერ აირჩევა 5 წლის ვადით. გამარტივდა კანონით შემდგომი ნაბიჯი და ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვის ვადით უბრალო უმრავლესობა აირჩევს. რა თქმა უნდა, მისი არჩევის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობაა. ამიტომ თითოეული კანდიდატის მიუკერძოებლობაზე და პროფესიონალიზმზე იქნება მსჯელობა როგორც კომიტეტის სხდომაზე, ასევე საპარლამენტო ტრიბუნიდან. მე წინასწარ არ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას, თუმცა, ჩემი ხედვა და მყარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამაჩნია.

გიორგი კალანდარიშვილი ამ სფეროს გამორჩეული მცოდნე და პროფესიონალი გახლავთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პირობებში ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა ცესკოს მაღალ ორგანიზებულობა და საქმიანობის გამჭვირვალობა, ეს მისი აქტივი არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე დღეს წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები