სააკაშვილის ადვოკატები დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურის უარს გაასაჩივრებენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს გაასაჩივრებენ.
როგორც ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
“სრულიად უკანონოდ განუცხადეს უარი დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. ბუნებრივია, მათ შორის, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამ, რომელიც გამოქვეყნდა, დაადასტურა უტყუარად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. დაცვის მხარე, ბუნებრივია, გაასაჩივრებს ამ უკანონო გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ პროკურორთან და შემდეგ უკვე სასამართლოში. ყველა ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ, დღესვე, სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მივლენ და იმ ვიდეოჩანაწერებს გაეცნობიან, რაც უწყებამ მოიპოვა.