“რუსეთის შემოჭრის საფრთხე არ გაზრდილა, დაწყნარდით, ამოისუნთქეთ” – ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის რისკები წლებია, არსებობს და ისინი არ გაზრდილა.

ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში თქვა.

„საინფორმაციო სივრცე სავსეა შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ, რომ შეჭრა შეიძლება, ხვალ, ნებისმიერ მომენტში დაიწყოს და ეს უდავოა… და ისიც თითქოს გასაგებია, რომ ჩვენ მზად არ ვართ, მაგრამ, როგორც ჩანს, მარტო არ დავრჩებით,  მსოფლიოში ყველა მხარს გვიჭერს, მაგრამ უკრაინაში ყველა იქნება მობილიზებული. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. მთელ ამ რიტორიკას ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, მედიის ამბებში, კარდაკარ ჭორებში აერთიანებს ერთი ლოგიკური კითხვა: და რაში მდგომარეობს ახალი ამბავი? ხომ რეალობაა, რომ უკვე 8 წელია, 2014 წელს არ დაიწყო რუსეთის შემოჭრა? ომის საფრთხე მხოლოდ ახლა გაჩნდა? ეს რისკები არსებობს არაერთი დღეა და ისინი არ გაზრდილა. უბრალოდ, მათ ირგვლივ მეტი აჟიოტაჟი აგორდა”, – თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა ისინი აქტიურად უტევენ „არა ჩვენს მიწას, არამედ თქვენს ნერვებს, რომ მუდმივად იყოს შფოთვა, ასევე, ინვესტორების ემოციებს და ბიზნესპირობებს, დაასუსტონ უკრაინა, რომ აიძულონ დათმობები, შექმნან ისეთი ფონი, რომ ჩვენი „არა“ უფრო სუსტად ჟღერდეს”.

როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, ახლა პანიკის ერთადერთი მიზეზი სწორედ ის არის,  თუ 8 წლის წინანდელი ომის შემდეგ მოქალაქეები პანიკას დაემორჩილებიან, დაიწყებენ თანხის გატანას თავიანთი ანგარიშებიდან, დაცლიან მაღაზიების თაროებს, გაავრცელებენ ყალბ და საშინელებათა ისტორიებს.

„ეს ჩვენმა ყველა  მოქალაქემ, განსაკუთრებით, მოხუცებმა უნდა გაიაზრონ, ამოისუნთქონ, დაწყნარდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურისა და ასანთის საყიდლად. ყველა მედია უნდა იყოს მასმედია და არა – მასობრივი ისტერია. აჟიოტაჟის დევნაში ნუ დაეხმარებით მტერს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან მოუწოდა ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ცივი გონება, თავდაჯერებულობა, ჯარისადმი რწმენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები