გია ვოლსკი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნქციის ერთ უწყებაში გაერთიანება გიორგი გახარიას პოზიცია იყო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო. მისივე თქმით, გახარიას პოზიციის მიუხედავად, საექსპერტო საზოგადოება აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს პოლიტიკური ასპექტით არ მიუღია.

„ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფუნქციის ერთ უწყებაში გაერთიანება, იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და აბსურდად მიიჩნევდნენ, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის პრინციპული პოზიცია იყო. ეს პიროვნება გიორგი გახარია იყო, ვინც მაინც ასე გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ორი ფუნქციის ერთ სტრუქტურაში გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოდიოდა. სამართლებრივ ნაწილში პარლამენტმა აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება მიიღო. ვადევნოთ თვალი, თუ როგორ იმოქმედებს ერთი თუ მეორე უწყება მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და ის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები