გიორგი სანაიას მკვლელობიდან 13 წელი გავიდა – მისი ძმა პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 13 წლისთავზე, მისი ოჯახი და ახლობლები პროკურატურისგან ობიექტურ გამოძიებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ვახო სანაია უახლოეს დღეებში პროკურატურას განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართავს. მისი თქმით, სანაიას ოჯახმა პროკურატურას რამდენიმე თვის წინ უკვე მიმართა, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
“13 წელი გავიდა პოლიტიკური მკვლელობიდან. ვითხოვთ, რომ ეს მკვლელობა სრულფასოვნად შეფასდეს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს. უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს, რა განცხადებით მიმართა გიორგი სანაიას ოჯახმა საგამოძიებო უწყებას. ამ მკვლელობის მთავარი ფიგურანტები, დამკვეთები, შემსრულებლები და დამხმარეები დაუსჯელები არიან, ამიტომ ვითხოვთ, მიეცეს მსვლელობა ობიექტურ გამოძიებას. არსებობს ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის არსებობს უზენაესი სასამართლოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ საქმის ხელახალი განხილვა მოხდეს. პროკურატურა წლების განმავლობაში ვალდებული იყო, რამე გაეკეთებინა, თუმცა არაფერი გაკეთებულა”, – განაცხადა ვახო სანაიამ.
ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 13 წლისთავზე საბურთალოს სასაფლაოზე ჟურნალისტის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.