კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
„ჩვენ ძალიან ბევრი განსხვავებული საკითხი განვიხილეთ. ჩემთვის ეს პირველი შეხვედრა იყო პარლამენტის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემდეგ. დავინტერესდი, როგორ აპირებს, წინ წასწიოს პარლამენტის მუშაობა. გვქონდა დისკუსია პარლამენტში ბოლო აქტივობების შესახებ, გამოვთქვი ჩემი შეხედულებები, საქართველოში ჩემი არყოფნის პერიოდში, აქ განხორციელებული ზოგიერთი ქმედების შესახებ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე დანიშვნის კუთხით, ცვლილებებზე საერთო სასამართლოების კანონებთან მიმართებაში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თაობაზე. დავინტერესდი, როგორ წარიმართა ეს პროცესი მიღებული გაკვეთილებისა და პარტნიორების ზოგიერთი მოწოდების შემდეგ. ვგულისხმობ, რა გაკეთდა ჩემი არყოფნის პერიოდში ამ პროცესების მიმდინარეობისას, რამაც საოცრად დააჩქარა ეს პროცესი იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დაწესებულება მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. ის სათანადო დაგეგმვასა და შესაბამის გაგრძელებას იმსახურებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო უწყება თავს კომფორტულად იგრძნობს იმ გაგებით, თუ რას შეცვლის შეთავაზებული ცვლილება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკამათოა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთან ურთიერთობის ფუნდამენტური ასპექტია დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვდებდით ინვესტიციებს ამ სააგენტოში და ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და მაინც ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ სათანადო დისკუსიის საშუალება არ მოგვეცა და ვერ გავიგეთ სამომავლო სურვილი“, – განაცხადა ჰარცელმა.