ლევან დავითაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მეტად პასუხისმგებლიანი იყოს ბიზნესი

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ნაბიჯები გადავდგათ ისე, რომ გვქონდეს ადეკვატური მარაგები და მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს ყველა პროდუქტი”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მინისტრი ბიზნესს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

„მინდა, გითხრათ, რომ პრემიერმინისტრი ხორბლის საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალზე ინფორმირებულია. მას ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია სექტორთან დაკავშირებით. თუ ჩვენ რამის მოგვარება და გადაწყვეტა შეგვიძლია, ამისთვის გვაქვს სამუშაო ფორმატი და ამ დიალოგის ფორმატში შეგვიძლია, მოვაგვაროთ. ასოციაციასთან რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. ამ პროცესს შემდგომშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება მარაგებს, იცით, რომ სასურსათო მარაგების მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ. ვფიქრობ, ცოტა უპასუხისმგებლოა განცხადება, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მემორანდუმიდან გავდივართ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მეტად პასუხისმგებლიანი იყოს ბიზნესი. მეორე, როდესაც მარაგების საფრთხე რეალურად იდგა პანდემიის დაწყების დროს, მაშინ ჩვენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით. ახლა ეს საფრთხე არ არსებობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ნაბიჯები გადავდგათ ისე, რომ, პირველ ყოვლისა, გვქონდეს ადეკვატური მარაგები და მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს ყველა პროდუქტი. მეორე მხრივ კი, ეს მიზანი მიღწეული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად მინიმალური დანახარჯებით. შესაბამისად, ამ მოცემულობებიდან გამომდინარე მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესში.

ცალმხრივად, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი გავითვალისწინოთ, ასე ვერ იქნება. რომ შევაჯამოთ, გავაგრძელებთ დიალოგს მწარმოებლებთან და იმედია, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივალთ. მეორე – სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. მესამე არის არაორდინალური ვითარება მსოფლიო ბაზარზე, რაც გამოწვეულია ზოგიერთი ქვეყნის არარაციონალური გადაწყვეტილებებით, მაგრამ ამის დაბალანსებას ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები