ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონი“ ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, რეკომენდაციები უფრო მკაცრად უნდა გავითვალისწინოთ
„ომიკრონი“ შეიძლება, შევაფასოთ, რომ კლინიკური მიმდინარეობით უფრო მსუბუქია, მაგრამ ამის აღქმა, რომ, თითქოს, ის საერთოდ არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს და ყველა ადამიანთან, ვისაც დაემართება, მსუბუქად, მხოლოდ გრიპის მსგავსი სიმპტომებით წავა – ეს ასე არაა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რისკჯგუფები, ასაკოვანი ადამიანები, ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები, ან იმუნოდეფიციტი აქვთ, საყურადღებოები არიან.
„რაც შეეხება თავად „ომიკრონს“ და დაავადების მიმდინარეობას: ბევრია საუბარი იმის შესახებ, არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მსუბუქი, ვიდრე „დელტა“ შტამი იყო. საერთაშორისო კვლევები, ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ომიკრონს მეტ-ნაკლებად უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და ჰოსპიტალიზაციის რისკები დაახლოებით ორჯერაა შემცირებული, ასევე „ომიკრონს“ფილტვების დაზიანება ნაკლებად ახასიათებს. აქედან გამომდინარე „ომიკრონი“ შეიძლება, შევაფასოთ, რომ კლინიკური მიმდინარეობით უფრო მსუბუქია, მაგრამ ამის ისე აღქმა, რომ, თითქოს, ის საერთოდ არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს და ყველა ადამიანთან, ვისაც დაემართება, მსუბუქად, მხოლოდ გრიპის მსგავსი სიმპტომებით წავა – ეს ასე არაა. რისკჯგუფები, ასაკოვანი ადამიანები, ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები, ან იმუნოდეფიციტი აქვთ, საყურადღებოები არიან. ამ პოპულაციაში ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვა მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სამიზნე უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფონური დაავადება აქვთ. ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად უნდა წარვმართოთ. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის 3 დოზა, „ბუსტერის“ ჩათვლით დამცველობას ბევრად ზრდის, ვიდრე ეს არის 2 დოზის შემთხვევაში. მინდა, საზოგადოებას მივმართო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, ვისაც 2 დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთონ მესამე, „ბუსტერ“ დოზა, რითაც დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკებს კიდევ უფრო შეამცირებენ.
ბევრი კვლევა აჩვენებს და პრაქტიკაშიც გვხვდება, რომ ადამიანებში ვისაც „ბუსტერი“ აქვთ გაკეთებული, ჰოსპიტალიზაციის რისკები ბევრად შემცირებულია. დაახლოებით 80 %-მდეა დაცვა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იმ პოპულაციაში, სადაც ბუსტერია გაკეთებული“ – განაცხადა გოგინავამ.
მისივე თქმით, „ომიკრონი“ ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი , ამიტომ, რეკომენდაციები უფრო მკაცრად უნდა გავითვალისწინოთ.
„ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, ამაზე ყველა ის მაჩვენებელი მეტყველებს, რაც ამ ბოლო პერიოდში გვაქვს, ასევე სტატისტიკა, რომელიც მთელს მსოფლიოშია. ქვეყნებში, სადაც „ომიკრონის“ შტამი ჩვენზე ადრე გავრცელდა, ეპიდსიტუაცია საკმაოდ გაუარესდა. საქართველოშიც მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია დინამიკაში კიდევ უფრო გაუარესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა რეაგირება მოჰყვება ამას როგორც სახელმწიფოს, ისევე საზოგადოების მხრიდან, თუ რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტალღა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვაქცინაციის პროცესია. ძალიან კარგი იქნება, თუ ვაქცინაცია გააქტიურდება. მით უმეტეს, იცით, რომ დღეიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, რაც მობილობას კიდევ უფრო გაზრდის. ეს კი რისკების შემცველია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოზარდების დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, რამაც, შესაძლოა, დაავადების სწრაფ გავრცელებას ხელი კიდევ უფრო მეტად შეუწყოს. ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესის უფრო აქიტურად წარმართვა – ეს რაც ეხება სახელმწიფოს და ჯანდაცვის სექტორს, საზოგადოების მხრიდან კი მნიშვნელოვანია, რომ არსებული რეკომენდაციების ზედმიწევნით კარგად დაცვა მოხდეს. ვიცით, რომ „ომიკრონი“ ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი. უფრო მკაცრად უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის გამოყენება , ფიზიკური დისტანცირება , თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, თუ ამის სასიცოცხლო აუცილებლობა არაა. კიდევ ერთი, რაც სასწავლებლებს ეხება: მინდა, მშობლებს მივმართო, თუ ბავშვებს გარკვეული სიმპტომები ექნებათ, როგორიცაა ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ასეთ დროს ბავშვის სკოლაში გაშვებისგან თავი შეიკავონ. გვაქვს შემთხვევები, როცა შეიძლება, ერთ კლასში, ერთმა ბავშვმა ერთი დღის განმავლობაში დაავადება რამდენიმე ათეულ ადამიანს გადასდოს, რაც ეპიდვითარებას უფრო გააუარესებს, ამან , შეიძლება, სკოლების და სასწავლებლების ხელახლა დახურვა გამოიწვიოს.“ – განაცხადა გოგინავამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე