საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ ქართველი ემიგრანტის, მიხეილ ქორქიასა და მისი დის, ქსენია ქორქიას შთამომავლები

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ ქართველი ემიგრანტის, მიხეილ ქორქიასა და მისი დის, ქსენია ქორქიას შთამომავლები. მიხეილ ქორქია ცნობილ ქართველ მრეწველსა და ქველმოქმედთან, აკაკი ხოშტარიასთან ერთად ირანში მოღვაწეობდა.
„ემიგრანტის შთამომავლების ინტერესი გამოიწვია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაცულმა ორმა წერილმა, რომელსაც ცნობილი ქართველი გენერალი ვასილ კარგარეთელი წერდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო საქმეთა მინისტრს, აკაკი ჩხენკელს. გენერალ ვასილ კარგარეთელის ერთ-ერთი ქალიშვილ მიხეილ ქორქიას მეუღლე იყო.
„ბატონო აკაკი, გარწმუნებთ რომ ჩემი სახლის კარები დღე და ღამე ღია არის ჩვენი თანამემამულეებისთვის მიუხედავად მათი მდგომარეობისა და მიმართულების, თუ ის არ არის წითლების იარაღი“ – წერდა 1932 წელს ვასილ კარგარეთელი აკაკი ჩხენკელს.
ქსენია ქორქიას შვილიშვილმა ცირა კემულარიამ მოგვაწოდა ცნობა, რომ მისი ბებიის, ქსენია ქორქიას არქივში ინახება მიხეილ ქორქიას მიერ დისთვის ირანიდან მოწერილი 30-მდე წერილი. ირანიდან გამოგზავნილი უკანასკნელი ცნობა 1937 წლით თარიღდება.
ისტორიამ და არქივებმა აკაკი ხოშტარიას ირანში მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები შემოგვინახა. ამდენად, ცნობილი მეცენატის ირანში გატარებულ წლებთან დაკავშირებული ყველა ამბავი მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბიბლიოთეკა განაგრძობს ემიგრანტული არქივების მოძიებასა და დამუშავებას“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები