საქართველოს სამეფო სახლი – სააკაშვილის განცხადებაზე: “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა” ფრაზით, მან სიძულვილის ენა გამოიყენა
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას გამოყენებულ ცნობილ ფრაზას “ჩაკრულოდან” – “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა”, ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ფრაზით სააკაშვილმა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის ენა გამოიყენა.
“ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის “ჩაკრულოს” ტექსტი “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა” გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: “გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენ ფეოდალები. “ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა” ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის”.