პაკისტანში პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს ავსტრალიის მოქალაქე, 9 წლის გოგონა ემსხვერპლა

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში, პოლიციის მიერ ავტომობილის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 9 წლის ავსტრალიის მოქალაქე ჰანია აჰმედი ემსხვერპლა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ავსტრალიიდან ჩასული ოჯახი თავდაპირველად შეიარაღებული ძარცვის მსხვერპლი გახდა. შემთხვევის შემდეგ პოლიციამ შეცდომით ჩათვალა, რომ ოჯახის ავტომობილი თავდამსხმელებს ეკუთვნოდათ და მანქანას ცეცხლი გაუხსნა.

სროლის შედეგად ჰანია აჰმედი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო მისი მამა და ძმა დაშავდნენ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ. დედა ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ოჯახს კონსულურ დახმარებას უწევს და დაღუპულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელი დაკავებულია, ხოლო მომხდარის გარემოებების დასადგენად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფია შექმნილი.

ამასთან, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც თავდაპირველ ძარცვაში ფიგურირებდნენ, პოლიციასთან დაპირისპირებისას დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები