სალომე სამადაშვილი – ინსპექტორის სამსახურის საკითხზე: ვეტოს არგამოყენება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა პრეზიდენტის მხრიდან

“ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვეტოს არგამოყენება პრეზიდენტის მხრიდან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

მისი თქმით, ვეტოს დადებით პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დააბრუნებდა ამ საკითხს პარლამენტში და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც კიდევ ერთხელ მიაპყრობდა მას.

„რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება მოხდა დაჩქარებული წესით პარლამენტში, სწორი იქნებოდა მას ვეტოს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რითაც შექმნიდა სივრცეს იმისთვის, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით როგორც პარლამენტში, ისე – საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გააქტიურებულიყო ამ საკითხზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს ცხადია, არ არის კავშირში იმ პროცესთან, რომელიც მან დააანონსა ახალ წლამდე, მაგრამ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა დაეხმარებოდა დეპოლარიზაციის თუ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც წამოიწყო. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, ეს მისი ინიციატივა იყო და მასზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს ამ პროცესს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები