პაპუაშვილი – ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე: ვნახავთ საპროცედურო კომიტეტის სამართლებრივ დასკვნას და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განაჩენით, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლემ გამოიტანა, დადასტურდა დანაშაულის არსებობა.
რაც შეეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება, არამედ, სამართლებრივი საკითხია და მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

“განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ, მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია- ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები