იოსებ არჩვაძე: ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მზარდ პოტენციალს

„საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება ყველაზე მკაფიოდ საგარეო ეკონომიკურ ექსპანსიაში აისახა. ქვეყნის ექსპორტმა 2021 წელს პირველად გადალახა 4-მილიარდიანი ზღვარი და 4242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისათვის: 2007 წლამდე საქართველოს ექსპორტი ერთ მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები იყო. იგი გასულ, 2020 წელთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და მოცულობით ასევე მნიშვნელოვნად – 11.7 პროცენტით გადააჭარბა პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მზარდ პოტენციალს,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.
თავის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის აქტიურ და მზარდ ჩართულობას მსოფლიო ეკონომიკაში ადასტურებს იმპორტის ზრდაც, რომელიც 2021 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა 25.1 პროცენტით, პირველად გადალახა 10-მილიარდიანი ზღვარი და 10077 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შედარებისათვის: 2003 წლამდე საქართველოს იმპორტის მოცულობა ერთ მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები იყო). 2021 წლის იმპორტი ასევე საგრძნობლად (5.9%-ით) აღემატებოდა პანდემიამდელი, 2019 წლის მაჩვენებელსაც.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მასშტაბებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბრუნვის მოცულობის მატება მხოლოდ ერთ წელიწადში (2021 წელს – 2020 წელთან შედარებით) აღემატება 2004-2005 წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის საშუალო წლიურ მოცულობას. „ექსპორტის წინმსწრები ზრდის ხარჯზე, სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობა საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0.6 პუნქტით (პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით – 2.3 პუნქტით) და 40.7 პროცენტი შეადგინა (2020 წ.: -41.3%, 2019 წ.: -43.0%). ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2021 წელს 42.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.6 პუნქტით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს (2020 წ. – 41.5%),“ – წერს არჩვაძე.
„2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზე, საგრძნობლად გაზარდა ექსპორტი, რომლის თითქმის ¾ ადგილობრივი პროდუქციის წილად მოდის. ამავე დროს, საქართველოს სულ უფრო აქტიურად ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციას, უზრუნველყოფს რა რეექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას (1.2-ჯერ წინა წელთან შედარებით). საქართველოს ეკონომიკაში მიღწეული პოზიტიური შედეგები, ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა, ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, საგარეო ეკონომიკური ექსპანსიასა და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს. ეკონომიკაში მიღწეულია საკმარისი კუმულატიური მუხტი, რათა 2022 წელს გაგრძელდეს ზრდის პოზიტიური დინამიკა როგორც საგარეო ვაჭრობის სფეროში, ისე – მაკროეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულებით,“ – მიაჩნია ექსპერტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები