გიორგი კალანდარიშვილი: ჩემი ინტერესი არ არის ერთი ადამიანის რაღაც კონკრეტული, ჩვენ ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ

“ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გადავიდე ყველა ეტაპზე, ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია, რომ კვლავაც მომეცეს შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელო საარჩევნო ადმინისტრაციას”, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას კალანდარიშვილმა საკუთარი 5-თვიანი მოღვაწეობა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია გამჭვირვალობა, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა ამომრჩევლებს, რამაც უზრუნველყო სტანდარტის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.

“როდესაც მოქმედმა თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და პირიქით, მისი საქმიანობა და ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად არის შეფასებულია, ბუნებრივია, მოხდა ხელახალი მიმართვა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო კიდეც, იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი არ არის ერთი გიორგი კალანდარიშვილის რაღაც კონკრეტული, ჩვენ ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ. ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და, ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იმავე შემართებითა და ენერგიით”, – აცხადებს კალანდარიშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკონკურსო კომისიაში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია ან ამ მხრივ რაიმე გავლენა შეიძლება მოხდეს. კალანდარიშვილის თქმით, მესამე სექტორის შეფასებები ჯანსაღი პროცესის ნაწილია და, ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ეს შეფასებები არანაირ გავლენას არ იქონიებს მათთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრელების მხრივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები