გიორგი ვაშაძე: ერთი უწყების გაუქმება გზავნილია ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით

“აუცილებელი იყო პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან ამ კანონებზე ვეტოს დადება”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებში ცვლილებებს ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი სხვა უწყებებისთვის გზავნილია.

„ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით. სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის არ არის თანამონაწილე ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები