იენს სტოლტენბერგი: ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც

ალიანსის მოკავშირეებისა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრაზე დისკუსიის თემა, უკრაინის გარდა, საქართველოსაც შეეხებოდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეებმა რუსეთთან შეხვედრაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი წარადგინეს.
„ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ ასევე დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ნატო-ს წევრობის საკითხი ასპირანტი ქვეყნების და მოკავშირეების გადასაწყვეტია და არავის აქვს ვეტოს ან ჩარევის უფლება. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებია. ცხადად იყო აღნიშნული, რომ მიუღებელია რუსეთის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, რომ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან, უკრაინასთან და სამომავლოდ შესაძლოა, ფინეთისთვის ან შვედეთისთვის. ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, სრულად ეხება საქართველოსაც. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები