ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ე.წ. გადაწყვეტილება „შპარგალკით“ არის მიწოდებული და მოსამართლემ უბრალოდ გამოაცხადა – ამით ეს საქმე არ დასრულებულა, სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, – ასე შეაფასა „საქართველოსთვის“ წევრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
როგორც ზაზა თავაძემ განაცხადა, სასამართლო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად ხდება, ზოგ შემთხვევაში კი პარტიის თავმჯდომარე აანონსებს სასამართლო „ქეისებს“.
„ქვეყანაში მოშლილია კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგი. კონსტიტუციით გათვალისწინებული ხელისუფლების სამი შტო, – საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, – დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამი შტო არ არსებობს და ეს არის თავმოყრილი ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში, სადაც ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი განაჩენიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად ამ ჭრილში უნდა დავინახოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია მოსამართლეს. მისთვის ეს ე.წ. გადაწყვეტილება „შპარგალკით“ არის მიწოდებული და მან უბრალოდ გამოაცხადა. ჩვენ ძალიან ცუდ პროცესებს ვადევნებთ თვალს ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ ირღვეოდა სასამართლო ხელისუფლებაში ეს შტო, როგორ ექცეოდა ხელისუფლების გავლენის ქვეშ. გადაწყვეტილების მიღება ხდება ერთპიროვნულად, ზოგ შემთხვევაში ხდება, რომ პარტიის თავმჯდომარე გამოდის და პირდაპირ ის აანონსებს სასამართლო ქეისებს.
ე.წ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მყოფი საქმეები მაშინ აქტიურდება ხოლმე, როცა ეს ხელისუფლებას სჭირდება. ანალოგიურ ფაქტებს ჰქონდა ადგილი ამ სამი წლის განმავლობაში ხაზარაძე-ჯაფარიძესთან მიმართებაში. ერთი ნიშანი იმისა, რომ ეს გარედან იყო მართული და ერთი დირიჟორის მიერ იმართებოდა, სწორედ ეს არის. მეორე ის, რომ საქმის გადაკვალიფიცირებით კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ თითქოს სასამართლოსთვის სახე შეენარჩუნებინათ. ამით არ დასრულებულა ეს საქმე, კიდევ წინ არის აპელაცია. გავლენიანი ჯგუფისთვის, რომელიც საერთო სასამართლოს აკონტროლებს, არანაირი პრობლემა არ იქნება, ნებისმიერი ინსტანციაში რაღაც ახალი მოიგონონ. სიურპრიზებს უნდა ველოდოთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.