გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს

პარტია “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა, სადეპუტატო მანდატი შეუწყდეს, ამის საფუძველი კი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდეს.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საკითხს განიხილავენ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

„როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებთ, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფულის გაყალბების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურად თაღლითობაში დამნაშავებად ცნო, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო ისინი საპატიმრო სასჯელიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები