ვატო წერეთელი: სამი წელი რისთვის ვიარეთ სასამართლოზე, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის
“პროკურატურას თავზე ჩამოემხო “ფულის გათეთრების” საქმე, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა, ვატო წერეთელმა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, იზიარებს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოზიციას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. სამი წელი რატომ გვატარეს? პრაქტიკულად, სამი წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ, სამი წელი რისთვის ვიარეთ სასამართლოზე?! პროკურატურას ჩამოემხო „ფულის გათეთრების“ საქმე. კი, შეიძლება, ციხეში არ მიდის, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რას ნიშნავს თაღლითობა, სადაც გამოძიება არ არის ჩატარებული? არაფერი არ არის ჩატარებული. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამას მთელი სამყარო არ ცნობდა – „ფულის გათეთრებას“, გარდა პროკურატურისა და პროკურატურას ჩამოემხო თავიდან ბოლომდე „ფულის გათეთრების“ საქმე. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი სიმართლისთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დამთავრდა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ოჯახის რეპუტაციისთვის”, – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს მოსამართლე გიორგი არევაძემ მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ხანდაზმულობის გამო, ისინი საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.