ზურაბ თოდუა – მოსამართლემ გიორგი მენაბდის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ მოსამართლემ გიორგი მენაბდის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულოა.
მისი შეფასებით, მიხეილ კალანდიას მიმართ „პოლიტიკური განაჩენი სწორედ რომ ქუჩის ხმაურით დაშინებული უსუსური და უნიათო ხელისუფლების მიერ ატეხილი აჟიოტაჟის დასაშოშმინებლად შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ საწინდარყო“.
„თბილისის საქალაქო სასამართლოსა მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილმა, დღეს, 2022 წლის 12 იანვარს გიორგი მენაბდის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიხეილ კალანდია სრულიად უდანაშაულოა და მის მიმართ მიღებული განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისი და სხვა არაფერი.
ეს საქმე, ნათელი მაგალითია იმისა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, შთანთქა რა (არაფერს ვამბობ მატერიალურზე) უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი, ძალიან სამარცხვინო დაღი დასვა ქვეყნის სამართლებრივ პრაქტიკაზე, რამეთუ სწორედ ამ კომისიის „დასკვნებს“ მოერგო გამოძიება და მთელი სასამართლო სისტემა.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი მენაბდის მიმართ დღევანდელი გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებაში არანაირი ახალი მტკიცებულება არ მოიპოვება, ანუ ის მტკიცებულებები, რასაც დღევანდელი განაჩენი ემყარება, საქმეში თავიდანვე იყო. ამ მასალებს ფლობდა დროებითი საგამოძიებო კომისიაც, მაგრამ რატომღაც ბრალდება და დროებით საგამოძიებო კომისია, ერთობლივად, გიორგი მენაბდის სასარგებლოდ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. თურმე დღეს გახდა მტკიცებულება გიორგი მენაბდის ტანსაცმელზე აღმოჩენილი დავით სარალიძის სისხლი (დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბრალდებასთან ერთად, გაიზიარა გიორგი მენაბდის „ჩვენება“, რომ ეს სისხლი მის ტანსაცმელზე გადავიდა მაშინ, როდესაც თურმე დასისხლიანებულ გიორგი ჯანაშიას ჩაეხუტა), იგივე კომისიამ ბრალდებასთან ერთად არ გაიზიარა, ხოლო დღევანდელმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეში არსებული ინფორმაციები მენაბდის ხელში დანისმაგვარი საგნის შესახებ. ასევე, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ და ბრალდებამ ერთობლივად არ გასცეს კითხვაზე პასუხი – მწვანექურთუკიანმა და გრძელთმიანმა ბიჭმა რატომ დაჭრა გიორგი მენაბდე და არა მიხეილ კალანდია, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი მასთან უფრო ახლოს და მოხერხებულ ადგილზე იმყოფებოდა … და სხვები, ასეთი სულ 11 შეცდომაა მენაბდის სასარგებლოდ დაშვებული.
და სწორედ ამ 11 შეცდომების გამომწვევი მიზეზების გამოძიებას ვითხოვ ირაკლი შოთაძის უწყებისაგან, აი უკვე ერთი წელია. დუმილია ჯერჯერობით. ვერ მოფხიზლდებიან მანამ, სანამ ევროპული მასშტაბით არ მოეჭრებათ თავები“, – აცხადებს ადვოკატი.