პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟის მქონე თანამშრომლები დააჯილდოვა

„პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება, ვინაიდან, აქ შეიძლება მოხდეს რადიკალური ცვლილებები პოლიტიკური გემოვნების, პროგრამებისა თუ მიმართულებების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის განწირულია ცვლილებებისთვის, იყოს სტაბილურობის კუნძული”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟის მქონე თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ღონისძიებაა.

„ამ დღეებში, ხშირად ვიყენებდით სიტყვებს – საპარლამენტო სუვერენიტეტი. პარლამენტი ის ორგანოა, რომელიც უშუალოდ ხალხს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციის ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს. ეს პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია. ამ ტვირთის ზიდვა რთულია იმ ადამიანების გარეშე, რომლებსაც პროფესიონალიზმთან და ცოდნასთან ერთად აქვთ, ინსტიტუციური მეხსიერება. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება, ვინაიდან აქ შეიძლება მოხდეს რადიკალური ცვლილებები პოლიტიკური გემოვნების, პროგრამებისა თუ მიმართულებების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტი, რომელიც, ყოველთვის განწირულია ცვლილებებისთვის, იყოს სტაბილურობის კუნძული. ეს სტაბილურობის კუნძულია სწორედ თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ინსტიტუციური მეხსიერება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს საქმიანობის პროფესიონალურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შევუდექი და უკვე ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე სუფთა ფურცლიდან დაწყება არ იყოს საჭირო. თანამშრომლების დაჯილდოების ტრადიცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დაამკვიდრა, რათა პარლამენტის დამოკიდებულება ეჩვენებინა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან ამ ინსტიტუციას, შესაბამისად, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც გამორჩეული ტრადიციაა. ჩემთვის პატივია, რომ, პრინციპში, ალბათ, ყველაზე ახალბედა პარლამენტარს შემიძლია თქვენ – პარლამენტის ყველაზე გამოცდილ თანამშრომლებს ეს ჯილდო და ინსტიტუციის მხრიდან აღიარება გაგიზიაროთ.

მადლობა წლების განმავლობაში ვალდებულების უზადოდ შესრულებისთვის და იმისთვის, რომ მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რომელიც შეიძლება, პარლამენტში განხორციელდეს, სტაბილურად და ლოიალურად დგახართ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გვერდით”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. „არცერთხელ, არცერთი თქვენგანისთვის არავის უკითხავს როგორია თქვენი პოლიტიკური მრწამსი, როგორია თქვენი პოლიტიკური სიმპათია იმიტომ, რომ თქვენისთანა ადამიანები არსებობენ იმისთვის, რომ ნებისმიერ ფორმაციაში, ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობის ატმოსფეროში ემსახურონ თავის ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. თქვენისთანა ადამიანების მხარზე დგას ინსტიტუციები და სახელმწიფო. მადლობა ამისათვის” , – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ჯილდო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 38 თანამშრომელს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები