თეთრი სახლი: ბაიდენმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას აშშ გადამწყვეტი ნაბიჯებით უპასუხებს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორისვგვიან ღამით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ამერიკის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

მან მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტად უპასუხებენ, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა ამისა, ბაიდენი მიესალმა დიპლომატიას, მათ შორის, სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ომრხრივ დიალოგს დაუჭირა მხარი, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას და მოლაპარაკებებს ეუთო-სთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ დიალოგებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის და არა – ესკალაციის გარემოში.

კრემლის ვერსიით, საუბარი „სერიოზული გამოდგა“.

როგორც რუსული მხარე იუწყება,  ბაიდენმა, თითქოს ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინაში თავდასხმითი იარაღის განთავსებას.

“პუტინმა უთხრა ბაიდენს, რომ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც აშშ მოიქცევა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ბაიდენმა გააფრთხილა სანქციების შესახებ, პუტინმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაწყვეტა მოხდეს”, – აცხადებენ კრემლში.

პუტინსა და ბაიდენს შორის საუბარი 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები