განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი – საზღვარგარეთ სწავლისას პიროვნული განვითარების ახალი შესაძლებლობები გვეძლევა
საზღვარგარეთ სწავლისას პიროვნული განვითარების ახალი შესაძლებლობები გვეძლევა – ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი ანნა ბრჟეზოვსკაია აღნიშნავს.
ის ადამიანებს უზიარებს, რა გამოწვევები ახლავს საზღვარგარეთ სწავლას და რამდენად მნიშვნელოვანია იყო სტიპენდიანტი.
“2021 წელს გავხდი ,,სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის’’ გამარჯვებული და სწავლას განვაგრძობ ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE), მაგისტრატურის საფეხურზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ჩემთვის ეს უკვე საზღვარგარეთ სწავლის მესამე გამოცდილებაა. პირველად სკოლის ასაკში წავედი ამერიკაში FLEX პროგრამის ფარგლებში, შემდეგ ბაკალავრიატის საფეხურზე ვისწავლე ასევე ,,სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის’’ დაფინანსებით, ამიტომ უკვე მიჩვეული ვარ და უცხო გარემოსთან ადაპტირებისას სირთულეებს ნაკლებად ვაწყდები.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სწავლა საზღვარგარეთ არ ნიშნავს მხოლოდ ახალი ქვეყნის და კულტურის გაცნობას, არამედ ის იძლევა შანსს განვითარდე პიროვნულად, რადგან დამოუკიდებლად ცხოვრება და მოგზაურობა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და აფართოებს მსოფლმხედველობას. ბუდაპეშტში ცხოვრებისას გავიცანი უამარავი საინტერესო ადამიანი, რომლებმაც ახალი კუთხით დამანახეს ესა თუ ის თემა, ასევე ჩემს უნივერსიტეტს სწავლების განსხვავებული და ალტერნატიული მეთოდები აქვს, რაც საქართველოში აქამდე არ გამომიცდია. ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება ნიშნავს მუდმივ განვითარებას და აღმოჩენებს.
სტიპენდიის მოპოვება შრომატევადი და დატვირთული პროცესია. აპლიკაციის შევსება და ყველა იმ ნაბიჯის გავლა, რასაც ფინალამდე მიჰყავხარ ბევრ შრომას, მოთმინებას და ძიებას საჭიროებს. იმის გამო, რომ საკმაოდ კონკურენტული პროგრამაა უნდა აჩვენო, რომ ხარ საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი დროულად გამეკეთებინა და წარმომეჩინა ჩემი უნარ-ჩვევები, რომლებმაც გამარჯვებამდე მიმიყვანა. საქართველოს მხრიდან ყველა ეტაპის ბოლოს ნათლად და გამჭვირვალედ ნაჩვენები იყო ის კრიტერიუმები რის მიხედვითაც გვაფასებდნენ და ბოლოს ქულების შეკრებით გამოვლინდა ნომინირებული სტიპენდიატების სახელები. უნგრეთი თავის მხრივ უკვე ამ სტუდენტებს უტარებს გასაუბრებას და ასევე რამდენიმე ეტაპის შემდეგ საბოლოოდ არჩევს სტიპენდიატებს, რომლებიც სწავლას უკვე უნგრეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ.
ჩემი აზრით, ყველაზე რთული მომენტი არის უცხო გარემოსთან შეჩვევა და შენი პირადი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ამასთანავე, უნგრეთის შემთხვევაში არის ენის ბარიერი, რაც თავიდან ბევრ საქმეს გირთულებს. საუკეთესო გრძნობა კი სემესტრის ბოლოს შედეგების/ქულების ნახვაა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ტყუილად არ წვალობდი სემესტრის განმავლობაში და ეს იმ ყველა გათენებული ღამის წარმატებული დასასრულია. ასევე, ჩემ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება ამ სემესტრიდან იქნება ის დღე, როდესაც საერთაშორისო სტუდენტების ელჩად დამასახელეს ჩემივე ფაკულტეტზე.
ყველაზე მთავარი რაც ყველას უნდა ახსოვდეს, არ უნდა დანებდეთ და ყველაფერი შუა გზაზე არ მიატოვოთ. შეიძლება თავიდან რთულად მოგეჩვენოთ მთელი ეს პროცესი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ღირს. ჯობს სცადოთ და არ გამოგივიდეთ, ვიდრე არ სცადოთ და შემდეგ ინანოთ. ასევე გამარჯვების შემდეგ არ ფოკუსირდეთ მხოლოდ სწავლაზე და დრო დაიტოვეთ გართობისთვის და მოგზაურობისთვის: ასე გაეცნობით სხვა კულტურებს და საუკეთესო მოგონებებად სწორედ ასეთი მომენტები დაგრჩებათ.
საბაკალავრო ნაშრომის დაცვა და საბოლოო შიდა უნივერსიტეტის გამოცდის უმაღლეს ქულაზე ჩაბარება – იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2021 წელს. სამწლიანი შრომის შემდეგ დიპლომის აღებამ, მართლაც რომ, უსაზღვრო ბედნიერება და სიამაყის გრძნობა მომანიჭა.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიმედოვნებ, რომ უკეთ განვავითარო ჩემი ლიდერული უნარები, რათა შევძლო ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ახალი ტენდენციების დანერგვა საქართველოში. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მინდა, ჩემს კარიერულ განვითარებას მივხედო და საქართველოში დაბრუნებისას ვეცადო ჩემი წვლილი შევიტანო შესაბამისი სფეროს განვითარებაში. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები ვართ ერთადერთი მთავარი ძალა წარმატებული სახელმწიფოს აშენებისთვის”, – აღნიშნავს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი.