სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამებით საზღვარგარეთ წასულ სტუდენტებს საქართველოში დაბრუნების პერიოდი გაუხანგრძლივდათ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამაში. ცვლილების შესაბამისად, გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი პერიოდი, გაუხანგრძლივდება ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს სასტიპენდიო პროგრამით და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მათ შორის – საქართველოში 3 წლის განმავლობაში დასაქმების ვალდებულება, რაც სახელმწიფოს მიერ, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, გრანტის გაცემის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს.
ამასთანავე, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, დაბრუნების ერთთვიანი ვადის არაუმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის საკონკურსო კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება განიხილოს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილი განცხადება ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ.
სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ცენტრი ყოველწლიურად 10 სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და აფინანსებს საქართველოს მოქალაქეების სწავლას საზღვარგარეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება და დასაქმდება. შესაბამისად, უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიამ გაართულა სასწავლო პროცესი და შექმნა არაერთი ბარიერი. არსებული ვითარების პირობებში, შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება მნიშვნელოვანი ცვლილება და შესაძლებლობაა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტებისთვის, რომლებსაც დარღვეული აქვთ ვალდებულება ქვეყანაში შესაბამის ვადაში დაბრუნების ნაწილში. დადგენილებით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ სტიპენდიატთა ინფორმირებას განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს.
დადგენილებით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრა და დაბრუნების ვადაგადაცილების უმნიშვნელო დარღვევად ჩათვლის მექანიზმი, ხელს შეუწყობს სტუდენტების მხრიდან აღებული ვალდებულების ეფექტურად შესრულებას და ემსახურება, როგორც სტუდენტების, ასევე, ქვეყნის ინტერესებს.