ვახტანგ მეგრელიშვილი – შალვა პაპუაშვილს: როცა თანამდებობიდან მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან – თქვენ რომ წახვალთ, მიზეზს გვეტყვით?

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართა.

„თქვენ იცით, რამდენად კეთილგანწყობილი ვარ თქვენ მიმართ, ასევე – წინა თავმჯდომარის მიმართ. ჩვენ აქ 4 ადამიანი ვართ და ჩვენგან ორი – იაგო ხვიჩია და ჰერმან საბო აპირებენ, რომ მხარი დაგიჭირონ, მაგრამ მე გადაწყვეტილების მისაღებად ამ კითხვაზე პასუხი მჭირდება. ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, როცა თანამდებობიდან მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან. კი დაგვპირდით, რომ 2 თვეში გვეტყვით, კუჭავა რატომ წავიდა, მაგრამ, მგონი, ზოგადად, ეს არ არის ნორმალური. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ თემაზე, თქვენ რომ წახვალთ, მიზეზს გვეტყვით თუ არა და პოლიტიკიდან წასვლის მეორე დღიდან იტყვით თუ არა, რომ თქვენ აღარაფერი გეხებათ და არაფერ შუაში არ ხართ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პასუხად, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „რასაც აქამდე ვამბობდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რომლისაც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რომელიც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები