შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას: თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ყველას თავმჯდომარე, იყავით გულწრფელი მაშინაც, როცა ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ
„თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ყველას თავმჯდომარე, მაშინ იყავით გულწრფელი, მაშინაც, როცა ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თუკი გინდათ, რომ ვითანამშრომლოთ, მაშინ თქვენგანაც შემხვედრი ნაბიჯი ის იქნებოდა, რომ მხარი დაუჭიროთ ჩემს კანდიდატურას ამ თანამდებობაზე”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეობა იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზში, საპარლამენტო საქმიანობის გაძღოლისას, თავმჯდომარე სამართლიანი უნდა იყოს.
„ამავე დროს, მე ვარ „ქართული ოცნების” გუნდის წევრი და მაქვს პასუხისმგებლობა საქართველოს ამომრჩევლების წინაშე, რომ განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც 2020 წელს საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას” ჰქონდა სამსჯავროზე გამოტანილი. ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომლითაც ვმოქმედებთ. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ხალხი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აძლევს მანდატს და როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს უმრავლესობა, ხალხი მანდატს აძლევს სწორედ მის საარჩევნო პროგრამას, რომ ის განხორციელდეს. ეს არის ვალდებულება ხალხის წინაშე. ეს არის ის კალაპოტი, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი.
თავისთავად, ამ კალაპოტს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა შენაკადი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ოპოზიციასთან თანამშრომლობა, ის იდეები, რომლებიც თქვენგან წამოვა და წამოსულა კიდეც – ვთქვი კიდეც, რომ არის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და ახლაც არის საკითხები, სადაც ვთანამშრომლობთ. ეს კალაპოტი ყოველთვის შეიძლება შეივსოს და ეს არის, ვფიქრობ, ის როლი, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება შეასრულოს იმისთვის, რომ გაამდიდროს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა, ამავე დროს, ეს კალაპოტი ვერ შეიცვლება, ვინაიდან ეს არის საქართველოს ხალხის ნება და ამ ნებას ჩვენ ვერ გადავუხვევთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.