აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 768,2 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
კანონპროექტი 15 დეკემბერს სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და მას დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლობის უმრავლესობამ მისცა ხმა.
ბიუჯეტი, რომელიც წინა წელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი, სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, ასევე ბიუჯეტში გაწერილია სტრატეგიები გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, მათ შორის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე.
ბიუჯეტიდან პენტაგონს 740 მილიარდი აშშ დოლარი გამოეყოფა, 27,8 მილიარდი აშშ დოლარის ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობისთვის, ასევე 378 მილიონი თავდაცვის სხვა სახეობისთვის.
აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივისთვის, რაც 50 მილიონით მეტია, ვიდრე ბაიდენი ითხოვდა.
4 მილიარდი დოლარი გამოიყოფა ევროპის თავდაცვის ინიციატივისთვის და 150 მილიონი დოლარი ბალტიის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის.
ბიუჯეტი ითვალისწინებს 16-წევრიანი კომისიის შექმნას ავღანეთის ომის შესასწავლად.
რაც შეეხება ჩინეთს, კანონით გათვალისწინებულია 7,1 მილიარდი დოლარი წყნარი ოკეანის რეგიონის შეკავების ინიციატივისთვის.