სააგენტოში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა და ახალი მექანიზმები დაემატა

სააგენტოში „აწარმოე საქართველოში” ცვლილებები შევიდა და ახალი ხელშეწყობის მექანიზმები დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში ავრცელებს.

„პროგრამის „ბიზნეს უნივერსალის“ ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსების ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და 2022 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში სუბსიდირებული სესხის გაცემა შეეძლებათ საინვესტიციო ფონდებს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მინიმალური ნომრების რაოდენობა 10 დან 5-მდე მცირდება. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში საპილოტე რეგიონებში 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის/ლიზინგის მოცულობის შემთხვევაში ყველა ბენეფიციარი 10%-იანი გრანტით ისარგებლებს, ხოლო ბიზნეს ექსპორტის კოდებზე გრანტი შეადგენს 20%-ს.

„სასტუმროსა და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის” მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც წარმოების დაწყების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ბოლოს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპერირების დაწყების ვალდებულება გადაუვადდებათ ერთი წლით.

პროგრამით „საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი“ სარგებლობის ვადა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა, სადაც განცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამისას მომავალი წლიდან ამ მიმართულებაში პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული გაფართოებას, ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყებას და არსებული ბიზნესის გაფართოებას. ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერით, განისაზღვრა საპილოტე რეგიონები – იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გაიზრდება გრანტის მოცულობა, კერძოდ გახდება 40 000 ლარი. დანარჩენ რეგიონებში იქნება 30 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ ბენეფიციარებს.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში, გახანგრძლივდა პროგრამით სარგებლობის ვადა. განაცხადების მიღება განახლდება 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას დაემატა ახალი კომპონენტი. პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან: პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა – 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები