“ღია წვის კამერიანი გაზდანადგარები მკვლელია, მათი გამოყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება” – “114 -ის” ხელმძღვანელი
„სწრაფი რეაგირების სამსახურის, “114” -ის” უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, ღია წვის კამერიანი გაზდანადგარები მკვლელი დანადგარებია და მათი გამოყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. ამის შესახებ დეკანოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი დეკანოიძე ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა.
„მინდა, ყურდაღება 3 საკითხზე გავამახვილოთ: ესენია ბოლო ხანს მოხშირებული ინტოქსიკაციის, გაზის დანაგარების უსაფრთხოდ გამოყენების და დაქირავებული ბინების საკითხები. ბოლო ხანებში იცით, რეზონანსული სიტუაცია იყო, როდესაც ქალაქში რამდენიმე ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. ყველაზე რთული შემთხვევა ორი იყო, როდესაც გარდაიცვალნენ ქალბატონი და მისი 8 წლის შვილი, ასევე, ინტოქსიკაციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. ფაქტები ღია წვის კამერიანი გაზდანადგარების გამო იყო გამოწვეული. ღია წვის კამერიანი გაზდანადგარები მკვლელი დანადგარებია, რომელთა გამოყენებაც დახურულ სივრცეში არ შეიძლება. მისი დახურულ სივრცეში გამოყენება ადამიანის გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. მოვუწოდებ ყველას, გაზის დანადგარების გამოყენებისას გაფრთხილდნენ, არ გამოიყენონ ღია წვის კამერიანი დანადგარები და კუსტარულად არ დააყენონ, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ამ ტიპის დანადგარებს ხსნიან, ქსელს თავიდან არ უნდა მიაერთონ. ეს ადამიანების გარდაცვალებას იწვევს.
მეორე საკითხია ის, როდესაც გაზის დანადგარებს უსაფრთხოდ არ გამოიყენებენ. საოჯახო პირობებში მოხმარების დროს, დანადგრების ღია მდგომარეობაში დატოვება ხდება, რაც აალებას ან აფეთქებას იწვევს. ეს, ძირითადად, უბედური შემთხვევებით ან მატერიალური ზარალით მთავრდება. ყველას მოვუწოდებთ, როდესაც გაზის სუნს იგრძონობენ, ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი გამოიყენონ, ჩვენი ჯგუფები უმოკლეს ვადაში მოემსახურებიან და, რა თქმა უნდა, ეს უფასო იქნება.
მესამე საკითხი კი გაქირავებული ბინების პრობლემაა. ძირითადად, აქ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები გვხდება. ვინც ბინის ქირაობას აპირებს, ყველას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოგვამართონ და ჩვენი თანამშრომლები ქსელს შეამოწმებენ“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
თამუნა შეყილაძე