“ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ”, – ამის შესახებ ორსული მეუღლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა, გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მცირე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა.
“როგორც კი გავაანალიზე, რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ”, – განაცხადა გზირიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს თბილისში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. შედეგად, ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.