საქსტატი: 2020 წელს საქართველოს მშპ-მ 49 266.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 50,5% თბილისზე მოდის
2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 266.7 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი, 50.5 პროცენტიანი წილით გამოირჩევა თბილისი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის სამსახურის ამავე მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 8.9 პროცენტით, შემდეგ მოდის იმერეთი – 8.4 პროცენტით, მეოთხე ადგილზეა ქვემო ქართლი – 8.0-პროცენტიანი წილითა და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6.4-პროცენტიანი წილით.
საქსტატის ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; 22.8 პროცენტი მოდის ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 12.8 პროცენტი და მშენებლობა – 11.5 პროცენტი.
აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს 16.2-პროცენტიანი წილით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, 14.0 პროცენტით მშენებლობა, ხოლო 10.1 პროცენტიანი წილებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი წარმოადგენს.
იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით, მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (14.0 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (12.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.2 პროცენტი).
ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი, 25.5 პროცენტიანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ მოდის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 17.3 პროცენტით და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, ასევე სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 7.9-პროცენტიანი წილებით.