ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსს არასოდეს უთქვამს რომ არ მიიღებს ახალ წევრებს აღმოსავლეთ ევროპიდან.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო-ს არასოდეს მიუცია ვინმესთვის პირობა, რომ არ გაფართოვდება.
სინამდვილეში, ჩვენს დამფუძნებელ ხელშეკრულებაშია, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი. მეორეც, არის დოკუმენტები, რომლებიც თარიღდება 1970-90-იანი წლების პერიოდით – ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი და მრავალი სხვა ხელშეკრულება, სადაც ნათლად წერია, რომ ქვეყნებს აქვთ საკუთარი გზის არჩევის უფლება. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი,“ – აცხადებს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, “ეს არ არის ის რაღაც, რისი შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ციტატებით. წევრი ქვეყნები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ ოდესმე ასეთი დაპირება გასცეს”.
გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა ალიანსის მზადყოფნა, რუსეთთან ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში ისაუბროს.
ის აპირებს ასეთი შეხვედრის მოწვევას 2022 წელს.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არ წავა კომპრომისზე საკვანძო პრინციპებზე.
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთ-ნატო-ს, მეორე მხრივ, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას შეეხება. კერძოდ, რუსეთი ითხოვს აშშ-ისა და ალიანსისგან გარანტიებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
გარდა ამისა, რუსეთის მმართველ “ელიტაში” ერთხმად იმეორებენ, თითქოს, მოტყუებულები არიან ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან, რადგან ჰქონდათ მიღებული დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ.