ნათია მეზვრიშვილი: პრეზიდენტის მიმართ ნდობა გვაქვს

“ჩვენთვის მისასალმებელია პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენი პარტია აქცენტს არაერთხელ აკეთებდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალიზაციის შემცირების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

„ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენთვის მისასალმებელია პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენი პარტია აქცენტს არაერთხელ აკეთებდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია, შევამციროთ რადიკალიზაცია, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება ვერცერთი მიმართულებით. პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ის აგრძელებს ამ ტიპის დისკუსიებს, მათ შორის, საზოგადოებრივ წრეებთან. ის არ ესაუბრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ამ პროცესში ეტაპობრივად შესათანხმებელი საკითხები, რაზეც შეიძლება პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიონ, რომ, საბოლოოდ, მაგიდაზე დაიდოს ის საკითხები, რაზეც, მეტნაკლებად, აზრთა თანხვედრა იქნება. გარანტიებზე მას არ უსაუბრია. მესმის, რთულია ამ საკითხებზე წინასწარ აქცენტების დასმა. ის აპირებს, შეხვდეს „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გრძელდება და უკვე პროცესში ეს ყველაფერი გამოჩნდება. მთავარია, რომ ჩვენ პრეზიდენტის მიმართ ნდობა გვაქვს”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები