ქრთამის აღებისთვის დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს მიწა სახელმწიფოს კუთვნილი ტექნიკით დაამუშავებინა და თანხა თავად მიისაკუთრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ, მოქალაქეს, ქრთამის სახით, 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
ეს ერთჯერადი ფაქტი არ ყოფილა და ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, პირადი მიზნებისთვის, სისტემატურად იყენებდა.
„შედეგად, ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.