ხანგოშვილის მკვლელობის გამო, ბერლინმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა – მოსკოვი საპასუხო ზომისთვის ემზადება

ბერლინში რუსეთის საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი დიპლომატის გაძევების გამო, მტკიცე პროტესტი გამოუცხადა. გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო გააძევა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა დანაშაული უწოდა “გერმანიის კანონისა და რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევას”.

 

„თავის მხრივ, საელჩომ ძლიერი პროტესტი გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი არამოტივირებული ქმედებები წარმოადგენს აშკარა არამეგობრულ ნაბიჯს და არ დარჩება შესაბამისი რეაქციის გარეშე, რომელიც უახლოეს მომავალში მოჰყვება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

ასევე, საპასუხო ზომების მიღება უკვე დაანონსდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყებაში განცხადებას უახლოეს დროში გააკეთებენ.

 

ბერლინის სასამართლომ, გუშინ, ბერლინის ცენტრში მოკლული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, 56 წლის ვადიმ კ.ს-ს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

 

7 დეკემბერს გერმანიის პროკურატურამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

 

„ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან, შურისძიების მიზნით, პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

პანკისის ხეობის მკვიდრი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

 

Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი, რომან დემიანჩენკოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები