ლიეტუვამ ჩინეთიდან ელჩი გაიწვია
ჩინეთში ლიეტუვის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, აუდრა ჩეპანე ვილნიუსში კონსულტაციებისთვის ბრუნდება.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში განიხილავენ პეკინში ლიეტუვის წარმომადგენლობისა და ვილნიუსში ჩინეთის წარმომადგენლობის მუშაობის ტექნიკურ პირობებს.
ასევე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ვილნიუსი მზადაა, საელჩოს მუშაობა სრულად განაახლოს, ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
პეკინსა და ვილნიუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ ტაივანს, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნის უფლება მისცა.
ამასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა პროტესტი და მიიღო გადაწყვეტილება ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირების – რწმუნებულამდე.