შარლ მიშელი: ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაში დაეხმარება

ბრიუსელში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების – ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის, ასევე, ევროსაბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიშელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ბაქოს და ერევანს საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაციის პროცესში დაეხმარება.

როგორც მიშელის წერილობით განცხადებაშია ნათქვამი, “ევროკავშირი უზრუნველყოფს ექსპერტებს (კონსულტანტთა ჯგუფს) საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის მხარდასაჭერად. ტექნიკური დახმარება ორივე ქვეყანას გაეწევა”.

მხარეების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ჯერ კიდევ ნოემბერში, მთავრობის სხდომაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა წინადადებებით დემარკაციისა და დელიმიტაციის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით და ეს წინადადებები მისაღებია სომხური მხარისთვის.

მანამდე, ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციის მოგვარება. რუსეთის ლიდერის თქმით, აქ რუსეთის მონაწილეობის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა რუკები, რომლითაც გადიოდა საკავშირო რესპუბლიკების საზღვარი, არის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები