პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი სოფელ კრწანისში იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ პირადი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად, მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაადამიანური მოპყრობა), ასევე, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.