არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამასა და კიდევ ერთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, სოფო გოგლიჩიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„ბრალი ასეთია, რომ მამას და ბრალდებულ მეორე ადამიანსაც ბავშვებთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მშობლები განქორწინებულები არიან, ამიტომ ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მანამდე კი სოფელში იზრდებოდნენ, ბებია და ბაბუა ზრდიდნენ ბავშვებს. მამასთან საცხოვრებლად ახლახან წამოვიდნენ. დედა სად ცხოვრობს, არ ვიცი.
ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს, დეტალებზე კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა“, – განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.
სოფო გოგლიჩიძის თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები სოციალური დაცვის სამსახურში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა და კიდევ ერთი პირი დააკავა. 45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე.
შს სამინისტრო მომხდარს სსკ-ის მე-11 პრიმა, 137- ე და 140- ე მუხლებით იძიებს.