იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გახდეს
ნატო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, იენს სტოლტენბერგი ამჟამინდელი თანამდებობის დატოვების შემდეგ შესაძლოა, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გახდეს.
მედია წერს, რომ მას შესაბამის პოსტზე განაცხადი აქვს გაკეთებული და მისი გვარი 22 პრეტენდენტს შორის ფიგურირებს.
ინფორმაცია ნორვეგიის ფინანსთა დეპარტამენტის საიტზეა განთავსებული.
თავად სტოლტენბერგმა ადრე ტელეკომპანია NRK-ს თავად დაუდასტურა ამ თანამდებობის დაკავების სურვილი.
მან თქვა, რომ „ნოემბერში დამიკავშირდა ფინანსური დეპარტამენტი ამ თანამდებობაზე წარდგენის წინადადებით და ეს არის სამუშაო, რისთვისაც ძალიან ვარ მოტივირებული“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვერ დაიკავებს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას, რომელიც 2022 წლის 1-ელ მარტს იქნება ვაკანტური ამჟამინდელი უფლებამოსილების ამოწურვამდე.
იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2022 წლის 30 სექტემბერს ეწურება.