“ქვეყანა დანგრევისკენ მიჰყავთ” – სომხეთში თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხს გამოეხმაურნენ

თურქეთისა და სომხეთის საგარეო უწყებებში გაკეთებულ განცხადებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ – სომხეთში ოპოზიცია გამოეხმაურა.

როგორც მედიას სომხეთის საპარლამენტო ფრაქციის – “ჰაიასთანის” მდივანმა, არწვიკ მინასიანმა განუცხადა, არსებულ პირობებში, სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი უკიდურესად საშიშია სომხური სახელმწიფოებრიობისთვის და მისი განადგურების საფრთხეს შეიცავს.

პოლიტიკოსი თვლის, რომ სომხეთის ხელისუფლებას ან არ ესმის – რაში ებმება, ან შეგნებულად მიჰყავს ქვეყანა დანგრევისკენ.

მინასიანი ამბობს, რომ ომის შემდეგ დასუსტებული სომხეთი ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემთან მოლაპარაკებებში, მისი პოზიციები ძალიან დაუცველია და ამ ფონზე არ უნდა წავიდეს მიზანმიმართულად წაგებულ პროცესზე.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი არ ემსახურება სომხეთისა და მისი ხალხის ეროვნულ მიზნებს. მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე საუბარი იმ ქვეყანასთან, რომელსაც სომხური სახელმწიფოს დანგრევა სურს, არ აღიარებს ყველა სისასტიკეს, რაც მან ჩაიდინა ერის მიმართ.

“შენი მტერი, მართალია მეზობელი, მაგრამ მტერი მზადაა, ყოველ წუთს დაგკლას, გაგანადგუროს, სახლი წაგართვას და ამ პირობებში კეთილმეზობლურ ურთიერთობაზეა საუბარი?!”, – განაცხადა მინასიანმა.

პოლიტიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდეს, თუ რატომ არ სურდათ თურქეთს და აზერბაიჯანს ურთიერთობის ნორმალიზება 2020 წლის 27 სექტემბრამდე. და თუ ახლა, 44-დღიანი ომისა და სომხეთის მარცხების შემდეგ, როდესაც ბაქომ და ანკარამ მიზანს მიაღწიეს და ნორმალიზებაზე დაიწყეს საუბარი, ალოგიკურია, რომ ეს პროცესი სომხეთის ინტერესებს შეესაბამებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები