გერმანიის ჰოსპიტლების ფედერაციის განცხადებით, ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადების საჭიროება არ არის
გერმანიის ჰოსპიტლების ფედერაციის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტებით არ არის გადატვირთული, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები „ომიკრონის“ შტამის „ფენომენალური სისწრაფით“ გავრცელებაზე საუბრობენ.
ჰოსპიტლების ფედერაციის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადების არანაირი საჭიროება არ არის.
„ჩვენ ვემხრობით მოქალაქეებისთვის კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას, განსაკუთრებით კი, ეს რეკომენდაცია არავაქცინირებულ პირებს ეხებათ“, – განაცხადა ფედერაციის თავმჯდომარემ, გერალდ გასმა და იქვე დაამატა, რომ არავაქცინირებული პირების მიმართ რეგულაციები არანაირად არ უკავშირდება მათ შევიწროებას, რადგან ისინი უფრო პრევენციული ხასიათისაა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ჯანდაცვისა და ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, იმუნიზაციაზე უარის შემთხვევაში კი პირები სამსახურს დატოვებენ. ამ ეტაპზე, აღნიშნული სექტორის პერსონალის 90% უკვე სრულად ვაქცინირებულია.