გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენის მახასიათებლად საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდაც გამოდგება
საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენის და ორნიშნა ზრდის მნიშვნელოვან მახასიათებლად საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდაც გამოდგება, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე.
მისი თქმით, “წინასწარი შეფასებით 2021 წლის ნოემბერში გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 42.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც მთავარია, ნოემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად, 23.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის ნოემბერში ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი”.
“მთლიანობაში, მიმდინარე წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 41.2 პროცენტით გაიზარდა და 1,443.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა და 23.8 პროცენტით გადააჭარბა 2019 წლის ნოემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემს.
ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 26.7 პროცენტით და 3,822.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც ასევე 12.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს, ხოლო იმპორტი 24.6 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 9,006.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 25.2 პროცენტით გაიზარდა და 12,828.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, შემცირებულია უარყოფითი სავაჭრო სალდოს დეფიციტი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, 43 პროცენტიდან 40 პროცენტამდე, რაც ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
მიმდინარე წელს ექსპორტის ზრდის დინამიკა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ 2020 წელს ექსპორტის 12 პროცენტით შემცირების მიუხედავად, რაც რე-ექსპორტის კლებით იყო განპირობებული, ადგილობრივი ექსპორტის ხვედრითი წილი საქონლის რეგისტრირებულ ექსპორტში 61 პროცენტიდან 72 პროცენტამდე გაიზარდა და მისმა მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 2,408 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, და ეს ეკონომიკის ვარდნის პირობებში.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. იანვარ-ნოემბრის მიხედვით ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 2, 809 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტს შეადგენს, და თერთმეტი თვის მონაცემითაც კი უკვე მთელი 485 მლნ აშშ დოლარით ანუ 21 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს, ამასთან წლის ბოლოს გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი იქნება.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დინამიკა და უარყოფითი სავაჭრო სალდოს დეფიციტის შემცირება მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას, რომელიც “აწარმოე საქართველოს” და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება თანადაფინანსების მექანიზმების სახით”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.