პრემიერმინისტრი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე გამახვილდა. აღინიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა UNDP-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო UNDP-თან თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და ამ პროცესში გაერო-ს განვითარების ახალი ქვეყნის დოკუმენტის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს. ნიკ ბერესფორდმა ხაზი გაუსვა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.

საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას. ასევე, ხაზი გაესვა გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ჰუმანიტარულ პროექტებს, რისთვისაც პრემიერმა UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები