გია ვოლსკი: მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია

“არსებობს ტერმინი, უზნეო პოლიტიკა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გვერევიან და ცდილობენ, ქვეყანას ისეთი ვითარება შეუქმნან, რაც საზოგადოებას გააღიზიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ, უზნეობის ეს ხარისხი არ მგონია, რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებდეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია და მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა.

„ინდივიდუალური სანქციები, სანქციები სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის დესტაბილიზაცია, ინვესტიციების, ტურიზმის გზის ჩაკეტვა, ჩვეულებრივი მეთოდებია, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავენ. მაგრამ ერთი უნდა გავახსენო ყველას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა იმიტომ, რომ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთ-ერთის ლიდერმა ხელი არ მოაწერა. რასაც დღეს ვუყურებთ, საბოტაჟის რეჟიმია, რომელიც ჩვენი ოპოზიციის საქმიანობის და მომავლის ხედვის შინაარსს არ ცვლის. მხოლოდ დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება და საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი დახსნა – ამის ირგვლივ ტრიალებენ. ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელს წერილით მიმართეს, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები