რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ნერვულ სისტემაზე – ნევროლოგის განმარტება
რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ნერვულ სისტემაზე და რას უჩივიან კოვიდგადატანილები, – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება ნევროლოგმა, ანა ლაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ყველაზე გავრცელებული პოსტკოვიდური სინდრომი ქრონიკული დაღლილობაა.
„პოსტკოვიდური სინდრომი სიმპტომების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ვირუსის გადატანის შემდგომ ადამიანებში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმპტომები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, ცნობილია, რომ ძირითადად მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს იმუნური, მეტაბოლური და ასევე ნერვული დარღვევების შედეგად არსებული ცვლილებები. რაც შეეხება უშუალოდ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რაც პოსტკოვიდურ სინდრომს ახასიათებს, ეს არის ყველაზე უფრო ხშირად გამოხატული ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როდესაც ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უკვე მათ ორგანიზმში აღარ არის, ხშირად ახასიათებთ კუნთების ძლიერი ტკივილი, კუნთების სისუსტე, უხასიათობა, უგუნებობა, დეპრესია, უხალისობა, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის. ასევე, ხშირ სიმპტომს წარმოადგენს თავის ტკივილი როგორც კოვიდის მიმდინარეობისას, ისე – მის შემდგომ, ასევე, თავბრუსხვევა, წონასწორობა-კოორდინაციის დარღვევა, ყნოსვისა და გემოვნების დარღვევა.
ხშირი ჩივილები, რის გამოც ექიმთან მოდიან, უძილობაა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ესაა ჩაძინების გაძნელება, გამოღვიძება, ძილის დროს შფოთვა“, – განაცხადა ლაბაძემ.
მისივე თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში ნევროლოგიური კუთხით პაციენტებსვშეიძლება, უფრო რთული გართულებებიც აღმოაჩნდეთ.
„ერთ-ერთ უფრო შედარებით ხშირ გართულებას იშემიური ინსულტი წარმოადგენს. პაციენტებს, რომელთაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, იშემიური ინსულტი სტატისტიკურად ბევრ პაციენტში არ ვლინდება, თუმცა, შედარებით რთულ გართულებებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოვლინებადია. ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ისედაც ჰქონდათ გარკვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც ინსულტის განვითარების წინაპირობას წარმოადგენდა, თუმცა, შეიძლება, ვთქვათ, რომ სწორედ კოვიდი იყო ამ შემთხვევაში გამშვები მექანიზმი, რომელმაც დაავადების განვითარება გამოიწვია.
ასევე, შედარებით იშვიათად, პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანს შეიძლება, განუვითარდეს პოლინევრიტი, ანუ პერიფერიული ნერვების დაზიანება, პოლინეიროპათიები, ანთებითი პროცესები, თავის ტვინის სტრუქტურის და გარსების მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელიტი. რაც ხშირად მძიმე გამოსავალს იძლევა”, – განაცხადა ანა ლაბაძემ.
თამუნა შეყილაძე