პაატა მანჯგალაძე: არ ვართ ვალდებულები, ყველა ყველას შეურიგდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ, ეს ჩვენი – ყველას ვალდებულებაა
“არ ვართ ვალდებულები, ყველა ყველას შეურიგდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ, ეს ჩვენი – ყველას ვალდებულებაა”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ეროვნულ შერიგებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, შერიგებაზე თუა საუბარი, შესაბამისი ნაბიჯი ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა გადადგას.
“ეროვნულ შერიგებას რაც შეეხება, მე გამოვიყენებდი უფრო სხვა სახელს – ეროვნულ თანხმობას, რადგან არ ვართ ვალდებულები, ყველა ყველას შეურიგდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ, ეს არის ჩვენი – ყველას ვალდებულება. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია, რომ შერიგებაზე და თანხმობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რიტორიკა არ იცვლება არც ოპოზიციის მხრიდან, ვეძახით „რუსეთის აგენტებს“, „მოსყიდულებს“, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელია ყველა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. თუ ამ პოზიციებზე ვრჩებით, შერიგებასა და თანხმობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელისუფლების ტრანზაქციის შიში. ის ხალხი, ვინც ოპოზიციაში ვართ თუ ასე კატეგორიულად საუბარი გავაგრძელეთ, რომ ისინი არიან „რუსეთის აგენტები“ და უნდა გავანადგუროთ ყველა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ტრანზაქცია გაუჭირდება. თუ შერიგებაზე ვლაპარაკობთ, ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.